Posted in

⭕ „დედას არ უნდოდა, რომ ელენეს მოტოთი ევლო, პირობა მისცა, სულ ცოტა ხანი და გავყიდიო“ – რას ჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც 21 წლის ბაიკერი ემსხვერპლა

17 ივნისს, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა – სოციალურ ქსელში ახლობლების მიერ გავრელებული ინფორმაციით, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბაიკერი ელენე ექვთიმიშვილია.

ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერი ემსხვერპლა

ელენე ექვვთიმიშვილის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობენ გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი და ნათესავი.

„ჩემთვის ელენე არასდროს გახდება მოგონება, ის მუდამ ჩემს გულში იცოცხლებს. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ეს დიდი ტკივილია ჩვენთვის. ელენე ძალიან გულიანი და თბილი ადამიანი იყო. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. სკოლაში, როცა მთელი კლასი „შატალოზე“ წავიდოდით, ხშირად თავის სახლში მივყავდით და უამრავი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს. არ ვიცი, ახლა იქ, სამძიმარზე როგორ მივიდე. ახმეტის მეორე საჯარო სკოლა ერთად დავამთავრეთ. დღესაც, როცა მასზე ვფიქრობ, სულ სიხარულით სავსე დღეები წარმომიდგება თვალწინ, ვერაფერს ვიხსენებ ნეგატიურს. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ, საოცრად მზრუნველი, ძალიან ყურადღებიანი.

ელენე კარგად მართავდა მანქანასაც… როგორც ვიცი, დიდი ხანი არ არის, რაც ბაიკი ჰყავს. თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა კიდეც, არ ვიცი, ეს ტრაგედია როგორ დატრიალდა და რა მოხდა იქ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ჰუალინგის ტერიტორიაზე მომხდარა ეს საშინელება. ძალიან განვიცდი. ანგელოზი გახდა ჩვენი საყვარელი ელენე… სიტყვები არ მყოფნის…” – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ელენე ექვთიმშვილის თანაკლასელი, ჯულია შუკაკიშვილი.

გამოცემასთან ასევე საუბრობს ელენე ექვთიმშვილის ნათესავი:

„ულამაზესი და ძალიან ჭკვიანი გოგო იყო ჩვენი საყვარელი ელენე. ოჯახი ახმეტიდან არის, მაგრამ ელენე ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თან მუშაობდა. ჩვენი ლამაზი ელენე მანქანას ძალიან კარგად მართავდა. წელს აიღო ჩუმად მართვის მოწმობა მოტოს კატეგორიაზე და მხოლოდ შემდეგ გაამხილა ეს ამბავი. თავისი ფულით უყიდია მოტოციკლი…

დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან. არ ვიცი, ცოცხლებზე ვინერვიულო თუ გარდაცვლილი ვიტირო. დედას ძალიან არ უნდოდა, რომ მის შვილს მოტოთი ევლო. დედას მისცა პირობა, სულ ცოტა ხანი და გავყიდიო…

როგორც ჩანს, სწრაფად მიდიოდა. მანქანას უკნიდან დაეჯახა და შემდეგ ბორდიულს. სხვასთან გამოძახებული სასწრაფო შეესწრო ამ ავარიას. სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გოგო საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა…

თავზარდაცემულები და განადგურებულები ვართ. ელენე მართლა საოცარი გოგო იყო. წინა დღის ჩამოსული იყო იტალიიდან. ძმას დაბადების დღის სიურპრიზი გაუკეთა და იტალიაში ამოგზაურა თავის იუბილეზე. ჩამოვიდნენ ბედნიერები და მეორე დღეს ეს საშინელი ამბავი შეემთხვა. თურმე, იმ მანქანის მძღოლიც ცუდად იყო, ყვიროდა, გადაარჩინეთო..

საოცარი, სიცოცხლით სავსე ელენე აღარ გვყავს. ამის გააზრებაც კი მიჭირს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი დედმამიშვილობა ჰქონდათ ელენეს და მის ძმას. ასეთი დედმამიშვილობა არსად მინახავს. არ ვიცი, როგორ გადაიტანენ ამ ტკივილს მისი ოჯახის წევრები….

ელენემ თებერვალში ძალიან დიდი დაბადების დღე გადაიხადა. სახლი იქირავა და თითქმის ყველა მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. ისეთი ლამაზი იყო, თან თეთრები ეცვა და საოცრად გამოიყურებოდა. შევხაროდით მას და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ. არ ვიცი, რა იქნება ამის შემდეგ. თვითონ დედაც ისეთი ლამაზი ჰყავს, ისეთი ახალგაზრდაა, დებივით იყვნენ…

დღეს ყველანი განადგურებულები ვართ”, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ გარდაცვლილის ნათესავი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *